ანაკლიის პორტის მშენებლობას ევროკავშირი დააფინანსებს

ევროკავშირი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას დააფინანსებს. ევროკომისიამ უკვე გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც „ტრანს – ევროპული სატრანსპორტო კავშირის“ განვითარებას ეხება და იქ პორტის მეორე ფაზის დაფინანსებაზე €233 მილიონი ევროა მითითებული. პროექტში, ასევე, აღნიშნულია პორტამდე მიმავალი სარკინიგზო და ავტომაგისტრალის მშენებლობა, რაზეც 100 მილიონი ევროა განსაზღვრული. ინფორმაცია დაადასტურეს „ანაკლიის განვითარების კონსოცრიუმშიც“.


არსებული ინფორმაციით, „ტრანს – ევროპული სატრანსპორტო კავშირი” აღმოსავლეთ სამეზობლოს 6 ქვეყანაში (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი, სომხეთი და აზერბაიჯანი) უმთავრეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს დააფინანსებს. მისი მთლიანი ღირებულება 12.8 მილიარდი ევრო იქნება.

ევროკომისიის განცხადების მიხედვით, აღნიშნულ საინვესტიციო პაკეტში 4800 კილომეტრის საგზაო მაგისტრალის აშენება, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება, 6 პორტის პროექტის განვითარება და 11 ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობა შედის. არსებობს პროექტების განვითარების ორი ფაზა, მათი ერთი ნაწილი 2020 წლისთვის, მეორე კი 2030 წლისთვის უნდა განხორციელდეს.


როგორც ევროკომისარი იოჰანეს ჰანი აცხადებს, ტრანს – ევროპული სატრანსპორტო სისტემის საინვესტიციო სამოქმედო გეგმის დასრულება ერთობლივი ვალდებულებაა და ის რეგიონის მოქალაქეებისთვის ხელშესახებ შედეგებს უზრუნველყოფს.